მაია ცქიტიშვილი - ყველა თბილისელისთვის საამაყო იქნება, რომ ჩვენს ქალაქსაც ექნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი
მაია ცქიტიშვილი - ყველა თბილისელისთვის საამაყო იქნება, რომ ჩვენს ქალაქსაც ექნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი

ასეთი ტიპის პროექტის განხორციელება ძალიან ბევრი ადამიანის ოცნება იყო, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც ახლო რეგიონში ცხოვრობენ. ზოგადად, ყველა თბილისელისთვის საამაყო იქნება, რომ ჩვენს ქალაქსაც ექნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა „ქართუ ფონდის“ ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის პროექტის განხორციელების დაწყება და აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს ეკოლოგიის გაუმჯობესებას, მასობრივი სპორტისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას.

„ქართუ ფონდი“, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი წლების განმავლობაში აკეთებენ ამ საქმეს. თქვენ ვერ ნახავთ საქართველოს ვერც ერთ რეგიონს, სადაც „ქართუ ფონდს“ არ აქვს გაკეთებული ინვესტიცია, ეს იქნება ძეგლების აღდგენა, საგანმანათლებლო პროექტები, თეატრებზე ზრუნვა, საზოგადოებრივი თუ სპორტული სივრცეები და ასეთი ტიპის მწვანე პროექტები“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში, დაახლოებით 30 წელია, მიმდინარეობს.

„ეს არის ბატონი ბიძინასა და მისი ოჯახის ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში არის მიმართული საკუთარი ქვეყნის ზრუნვაზე. რამდენიმე თვის წინ ვნახეთ, რომ დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, კიდევ რამდენიმე თვის წინ დასრულდა ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობა და გამწვანების პროექტები“, – თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართუ ფონდი“ სრულად, რამდენიმე მილიონით დააფინანსებს ცენტრალური პარკის მოწყობას, მანამდე კი კერძო პირებისგან იპოდრომის ტერიტორიის გამოსყიდვის შედეგად ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა სახელმწიფო ბიუჯეტში 52 მილიონი დოლარი გადაიხადა.

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.