ირაკლი აბესაძე - დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კვორუმის შემცირება დადებითი ცვლილებაა
ირაკლი აბესაძე - დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კვორუმის შემცირება დადებითი ცვლილებაა

მართალია, ფრაქციის სხდომაზე მინისტრის დაბარება მკვდარი ნორმა იყო, მაგრამ ეს იყო კანონის ნორმა, რომელიც მკვდრად მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურმა პოზიციამ აქცია, როდესაც ისინი მინისტრებს კანონის დაცვას არ სთხოვდნენ, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკალი აბესაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მკვდარი ნორმა არ არსებობს. ნორმებს ასრულებენ და კანონების შესრულებაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა პირველ რიგში, სწორედ მინისტრთა კაბინეტის წევრებს ეკისრებათ და როცა ისინი ამ კანონს მიზანმიმართულად არღვევენ, საპარლამენტო უმრავლესობა კი მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებს, რადგან ეს კანონმდებლობა ოპოზიციის მიმართ ირღვევა, ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაკლებობის შედეგია“, – განაცხადა აბესაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კვორუმის შემცირება დადებითი ცვლილებაა, რადგან საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანი ბერკეტია, დეპუტატმა თავისი სადეპუტატო უფლებამოსლება განახორციელოს, რაც მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ საქმიანობაზე კონტროლს გულისხმობს.

„მოქმედი პარლამენტის პირობებში, საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა რამდენიმეჯერ დადგა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან ამას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერდა. ამის საშუალება მხოლოდ ბოლო შემთხვევაში მოგვეცა“, – განაცხადა აბესაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა „ევროპული საქართველო“ მხარს პარლამენტის თბილისში გადმოტანას იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ.

„ჩვენთვის დისკომფორტის შემქმნელი არ არის ის, რომ გვიწევს ქუთაისში წასვლა და საკანონმდებლო პროცესის ფარგლებში მსჯელობა. არ მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის ეს არსებითი საკითხია“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.