ირაკლი აბესაძე - ჩვენთვის მიუღებელია, ოპოზიციას ფრაქციის სხდომაზე მინისტრის დაბარების შესაძლებლობა ჩამოერთვას, ამ შესაძლებლობის აღდგენის საკითხს დავაყენებთ
ირაკლი აბესაძე - ჩვენთვის მიუღებელია, ოპოზიციას ფრაქციის სხდომაზე მინისტრის დაბარების შესაძლებლობა ჩამოერთვას, ამ შესაძლებლობის აღდგენის საკითხს დავაყენებთ

უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი დეპუტატების მოთხოვნით პარლამენტში უფრო ხშირად გამოცხადდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იგივე ეხება მინისტრების დაბარების საკითხს. მინისტრები მოქმედ რეგლამენტს ხშირ შემთხვევაში არღვევდნენ, როცა ფრაქციების მიერ დაბარების შემთხვევაში, არც ერთხელ არ გამოცხადებულან. ვგულისხმობ ოპოზიციურ ფრაქციებს, რადგან რამდენადაც ვიცი, ბოლო პერიოდში, საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებზე რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი იყო, რომლებმაც გარკვეული ანგარიშიც წარადგინეს“, – განაცხადა აბესაძემ.

მისი თქმით, მინისტრების მხრიდან დარღვეულ იქნა პარლამენტის რეგლამენტი აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, როცა ოპოზიციური პარტიები მათ კანონით დადგენილი წესით ფრაქციის სხდომაზე დასწრებას სთხოვდნენ, რაც მათი მხრიდან არა ოპოზიციური პარტიების მიმართ უპატივცემულობა, არამედ მთლიანად პარლამენტის მიმართ დაფიქსირებული პოზიცია იყო.

„მათ ასეთივე წარმატებით შეუძლიათ, საკომიტეტო მოსმენების ბოიკოტირება განაგრძონ და როცა საჭიროდ ჩათვლიან, ან რომელი საკითხიც მოეწონებათ, კომიტეტის სხდომაზე მოსვლა იმ საკითხზე სასაუბროდ ინებონ. კომიტეტის ფარგლებში მინისტრები სხდომებს ესწრებოდნენ, თუმცა, კომიტეტის სხდომის წარმართვის რეგლამენტი იმდენად ბუნდოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციისთვის საკმარისი არ იყო ის შესაძლებლობები, რომელიც მათ კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან ეძლეოდათ“, – განაცხადა აბესაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ოპოზიციისთვის კომპრომისი და მისაღები ის, რომ კომიტეტში მინისტრების დაბარების პროცედურა მარტივდება, მაგრამ ამავდროულად, მათ მინისტრის ფრაქციის ფორმატში დაბარების საშუალება აღარ ექნებათ, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ მათთვის მისაღები არ არის, ოპოზიციას ფრაქციის სხდომაზე მინისტრის დაბარების შესაძლებლობა ჩამოერთვას და ისინი ამ შესაძლებლობის აღდგენის საკითხს დააყენებენ.

ირაკლი აბესაძემ ასევე აღნიშნა, რომ ფრაქციის სხდომაზე მინისტრის მიწვევა ოპოზიციისთვის გაცილებით ეფექტური და ქმედითი მექანიზმია, რათა მისთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღოს, ვიდრე ეს კომიტეტის ფარგლებში ხდება, სადაც ასევე წარმოდგენილია უმრავლესობის წევრები.