ირაკლი აბესაძე - აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ თავდაცვის სფეროს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას არ ხმარდებოდა
ირაკლი აბესაძე - აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ თავდაცვის სფეროს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას არ ხმარდებოდა

აუდიტის დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში, თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ, არ ხმარდებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც განიხილავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს 2015-2016 წლების ფინანსურ საქმიანობას.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურის აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის სფეროში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის მცდარი და, ზოგ შემთხვევაში, მავნებლური.

„ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ იმ პრობლემებსა და, მათ შორის, დანაშაულებრივ საკითხებზე სასაუბროდ, რის შესახებაც აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში, ნდობის ჯგუფი გაფართოებული ფორმატით შეიკრიბოს, თუნდაც კომიტეტის ფორმატში, დახურულ რეჟიმში, რადგან საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოს, სადაც მოწვეული იქნება თავდაცვის მინისტრი და შესაბამისი მინისტრები და პასუხი გაეცეს,  რამდენად გამოსწორდა ის დარღვევები, რაც არსებობდა, ან მომავალში როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ თავდაცვის სფეროში პოლიტიკის გატარებას.

აუდიტის დასკვნა ბევრ შემთხვევაში, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტროს შემთხვევაში, შეიძლება იწვევდეს კითხვის ნიშნებს, იქ დანაშაულის არსებობის შესახებ და ის უნდა შეისწავლოს სამართალდამცავმა ორგანოებმა. თავდაცვის სფეროსთან მიმართებით აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ მთლიანობაში პოლიტიკა ამ სფეროში არის მცდარი.

არ ვსაუბრობ ცალკეულ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლის გამოსწორებაც უფრო მარტივია, მაგრამ სახელმწიფოს ხედვა და მმართველი გუნდის ხედვა სფეროსადმი არის მცდარი და ნაბიჯები გადაიდგმება შეცდომით. ამას სჭირდება უფრო ფართო პოლიტიკური მსჯელობა და შეთანხმება სამომავლოდ გასატარებელ რეფორმებზე“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დატოვე კომენტარი