ირაკლი აბესაძე - ანდერს ფოგ რასმუსენის შემოთავაზების მთავარი არსია, რომ რუსული ოკუპაცია და სამხედრო აგრესია არ იქცეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინაღობად
ირაკლი აბესაძე - ანდერს ფოგ რასმუსენის შემოთავაზების მთავარი არსია, რომ რუსული ოკუპაცია და სამხედრო აგრესია არ იქცეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინაღობად

ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, რუსული ოკუპაციის მთავარი მიზანია, ქართული სახელმწიფოს ჩამოშორება ნატო-სა და ევროკავშირის ინტეგრაციის გზიდან, სახელმწიფოებრიობის დასუსტება, ამიტომ ანდერს ფოგ რასმუსენის შემოთავაზების მთავარი არსია, რომ რუსული ოკუპაცია და სამხედრო აგრესია არ იქცეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინაღობად.

ირაკლი აბესაძის თქმით, წინადადების განხილვა მნიშვნელოვანია.

„შემოთავაზებაა, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით ნატო-ს წევრი გახდეს, უბრალოდ, ნატო-ს სამხედრო კოლექტიური თავდაცვის მუხლი იმ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, სადაც დღეს მიმდინარეობს რუსული ოკუპაცია. ხელისუფლების მხრიდან ამ წინადადების ხელაღებით უარყოფა რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის გამოყენებით, თითქოს, დასავლეთი ჩვენგან ითხოვს, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას შევეგუოთ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვას თავი დავანებოთ, ეს არის ტყუილი და მათი მხრიდან ამ წინადადების ხელაღებით უარყოფა მიანიშნებს მათი დამოკიდებულების სერიოზულობას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ამ წინადადებას მსჯელობა და პოზიციების შეჯერება სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, გუშინ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.