ირა ჭელიძე - საზოგადოება პასიურობს, რადგან არ სჯერა ლიდერების, რომლებიც აქციაზე დგანან
ირა ჭელიძე - საზოგადოება პასიურობს, რადგან არ სჯერა ლიდერების, რომლებიც აქციაზე დგანან

საზოგადოება იმ მარტივი მიზეზის გამო პასიურობს, რომ არ სჯერა ლიდერების, რომლებიც იქ დგანან, კივიან და არაადამიანური სახით ხავიან, – ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ძალიან მკაფიოდ მინდა, გავმიჯნო ახალგაზრდული ფრთა, პოლიტიკური ლიდერების შვილების გარდა, რადგან მიშას რომ ეწვევი, ვითომ ბათო-ყაენია, უკვე არ ხარ დამოუკიდებელი. ეს შენი ლეგიტიმური უფლებაა, ვისაც გინდა, იმას ეწვიე, მაგრამ ეს არ არის დამოუკიდებელი პროტესტი. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პროტესტი, აბსოლუტურად ნორმალური, ბუნებრივი და უნდა იყოს, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური ლიდერები და ადამიანები, რომლებიც გაბრაზდნენ და იქ გავიდნენ“, – განაცხადა ჭელიძემ.

ამ განცხადებით მან გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ პასიურობს საზოგადოება, თუ პროპორციული არჩევნები საყოველთაო მოთხოვნაა, როგორც ეს გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, თავიანთი აგრესიული რიტორიკით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მარკეტინგულად, აგებენ.

„როდესაც შენ გაქვს ძალიან მძიმე წარსული, როდესაც გქონდა ძალაუფლება და როდესაც ზუსტად იცი, რომ შენი ფიზიკურად ეშინიათ, ამ დროს, იმის მაგივრად, ვარდისფერი ბაფთა გაიკეთო და უსი-პუსი მელაპარაკო, რომ იქნებ, დაგიჯერო, შენ მონას და დამპალს მეძახი, გვარს შეურაცხყოფ, პოლიციელზე იწევი და ყველა იმ ქმედებას ჩადიხარ, რაც მარკეტინგულად, შენთვის წამგებიანია. შენ ახლა უნდა იყო ვარდისფერ ფაჩუჩებში, თბილი დათუნია და მე უნდა შემიყვარდე. მარკეტინგულად, ასე უნდა მოიქცე და რანაირად შემიყვარდები, როცა არაადამიანური სახით ხავი?!“, – განაცხადა ჭელიძემ.

სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაზე ძალიან ბევრი ადამიანია გაბრაზებული, ვისაც ქუჩაში პროტესტის გამოხატვა უნდა, მაგრამ იქ არ მიდის, რადგან დისკრედიტირებული ადამიანების გვერდით დგომა არ სურს.

„იქ რომ დგას ადამიანი, რომელიც საოცრებებს ჩადიოდა და მიკივის, ხელისუფლება უნდა დამთავრდესო, ამ ხელისუფლებაზე ჩემზე მეტად გაბრაზებული არავინ არის, რადგან მარტო დღეს კი არ გადამაგდო, 2012 წლის 2 ოქტომბრიდან გადამაგდო. ბევრი რაღაცები არ გააკეთა, რაც ჩემი პირდაპირი დაკვეთა იყო. დღეს, თამამად ვამბობ, რომ ჩემი ინტერესების გამომხატველი პარტია, ან პოლიტიკური ლიდერი საქართველოში არ არის. ისინი იქ რომ დგანან, ძალაუფლების დაბრუნება უნდათ და მე იქ არ გავალ. როგორც კვლევებშიც გამოჩნდა, ჩემნაირი სულ ცოტა, 32%-ია, რომელსაც ქუჩაში გასვლა უნდა, მაგრამ იმ ზომბ აპოკალიპსს რომ ხედავს, უბრალოდ, არ გადის. მათ გვერდით დადგომა პირადი ჰიგიენის თემაა. ისინი რომ გავლენ ველიდან, მე დავდგები იქ“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.