ირა ჭელიძე - დამაზიანებელ პროცესებს ვადევნებთ თვალს, ეს ყველაფერი უკვე იღებს რაღაც შიზოფრენიულ ხასიათს, რომელიც არ არის კარგი არც სახელმწიფოსთვის და არც თითოეული მოქალაქისთვის
ირა ჭელიძე - დამაზიანებელ პროცესებს ვადევნებთ თვალს, ეს ყველაფერი უკვე იღებს რაღაც შიზოფრენიულ ხასიათს, რომელიც არ არის კარგი არც სახელმწიფოსთვის და არც თითოეული მოქალაქისთვის

დამაზიანებელ პროცესებს ვადევნებთ თვალს, დამაზიანებელს სახელმწიფოსთვის და ეს ყველაფერი უკვე იღებს რაღაც შიზოფრენიულ ხასიათს, რომელიც არ არის კარგი სახელმწიფოსთვის და არ არის კარგი თითოეული მოქალაქისთვის, – განაცხადა სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„იმიტომ, რომ აზიანებს თუნდაც მენტალურ ჯანმრთელობას და პასუხისმგებლობის ტვირთი ამ შემთხვევაში და ყველა ასეთი კრიზისის დროს არის ხელისუფლებაზე. ხელისუფლება ვალდებულია, არ შექმნას კრიზისი და თუ შეიქმნება, განმუხტოს“, – განაცხადა ჭელიძემ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს ოპოზიციისა და, მათ შორის, საზოგადოების პასუხისმგებლობაზეც ჰკითხა, რაზეც ირა ჭელიძემ თქვა, რომ ეს არის განგრძობითი კრიზისი, რომელიც გუშინ არ დაწყებულა და ის მწვავე ფაზაში შევიდა მარტში, როდესაც შემოტრიალებული იქნა ყბადაღებული, რუსულად წოდებული კანონი და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი.

„მაშინ ხელისუფლებისთვის ველი იყო სრულიად მოსწორებული, ოპოზიცია იყო სრულიად გარდაცვლილ, განწირულ მდგომარეობაში და ხელისუფლება აბსოლუტურად მშვიდად, ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე იგებდა არჩევნებს ოქტომბერში. ამ ორმა კანონმა მოსწორებულ ველზე შექმნა კრიზისი. ხელისუფლებამ საკუთარი ქმედებებით გააცოცხლა და შექმნა კრიზისი. მე არ მაქვს პასუხი, რატომ. შეთქმულების თეორიებში არ შევდივარ, არ მიყვარს, არ ვიცი. მაქვს რამდენიმე შეთქმულების თეორია, რომელიც თუ დაგაინტერესებთ, გეტყვით, მაგრამ ეს არის შეთქმულების თეორია. არ ვიცი, მაგრამ მოსწორებულ ნიადაგზე ხელისუფლებამ უცებ შექმნა კრიზისი, არაფრისგან“, – განაცხადა ჭელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაში ხედავს მოცემული ვითარებიდან გამოსავალს, ირა ჭელიძემ განაცხადა, რომ საქმე არის პრიმიტიულობამდე მარტივად.

„ვიდრე თავში ფეხის ჩამრტყმელი არ არის დაკავებული და სანამ დაკავებული არ არიან ის „სამართალდამცავები“, რომლებიც დაშლის შემდგომ უსწორდებოდნენ მანქანებში, ვერაფერზე ვერ ვილაპარაკებთ, ვერანაირ დიალოგზე, ვერანაირ სამართლიანობაზე, ვერაფერზე და ვერავის ცემა-ტყეპაზე ვერ ავღელდები. ახლა იწერება, რომ მზია ამაღლობელმა სახეში გაარტყა ხელი პოლიციელს. ვიდრე თავში ფეხის ჩამრტყმელი გარეთ არის, მე ვერ ავღელდები მზია ამაღლობელის ქცევაზე. იმიტომ, რომ არსებობს მორალური ფაქტორები და არსებობს წითელი ხაზები, არ მოსულა ამბავი და რაც ახლა ხდება და რასაც აკეთებენ, არის არ მოსულა“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება იყო „არ მოსულა“ კატეგორიიდან.

„ისევ და ისევ, მიწყნარებულ, მოსწორებულ ველზე გააცოცხლეს ოპოზიცია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოქმედებენ დაგეგმილად და პიკებს იწვევენ ხელოვნურად. უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ უნდათ, მივიდნენ იქამდე, რომ ადამიანები, რომლებიც არიან სამართლიან პროტესტში, მიიყვანონ იმ მდგომარეობამდე, რომ რაღაც ისეთი ჩაიდინონ, მერე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და მერე სად მივდივართ, რისთვის უნდათ ეს? არ ვიცი. მაგრამ მე უკვე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. გახარიას ეპიზოდამდე არ მქონდა ეს, მაგრამ ამ ეპიზოდის შემდეგ დამრჩა ასეთ შთაბეჭდილება, რომ აქამდე მიდიან. ეს რისთვის უნდათ, არ ვიცი, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა უკვე“, – განაცხადა ჭელიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვინ უნდა ჩაატაროს ახალი არჩევნები დანიშვნის შემთხვევაში, რადგან პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებიდან ლეგიტიმურად არავის არ აღიარებენ, ირა ჭელიძემ განაცხადა, რომ იმედია, ამის შესახებ მოისმენს დებატებში, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე 27 იანვარს გაიმართება.

„მე არ ვიცი. ტელევიზორი არ მაქვს და რაც წამიკითხავს და მომისმენია სოციალურ ქსელში, არის ის, რომ მთავრობა გადადგება, არჩევნები ავტომატურად დაინიშნება და მერე რაღაც შეთანხმება აუცილებლად შედგება“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.