„იპსოს საფრანგეთი“ - „რუსთავი 2“-ის დაკვეთილი კვლევა არა ჩვენ, არამედ უკრაინის ოფისმა ჩაატარა
„იპსოს საფრანგეთი“ - „რუსთავი 2“-ის დაკვეთილი კვლევა არა ჩვენ, არამედ უკრაინის ოფისმა ჩაატარა

„იპსოს საფრანგეთში“ აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“-ის დაკვეთილი კვლევა არა მათ, არამედ უკრაინის ოფისმა ჩაატარა, – ინფორმაციას ipress.ge ავრცელებს.

„გუშინ, პოზიციისა და ოპოზიციის მიერ განხილვის მთავარი თემა „იპსოს“ მიერ ჩატარებული კვლევა გახდა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დაუკვეთა. კვლევამ დიდი დებატები გამოიწვია და მმართველმა პარტიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც შედეგები, ასევე მეთოდოლოგია.

თავად ტელეკომპანია კი აცხადებს, რომ ეს სწორედ ის კვლევითი ორგანიზაცია იყო, რომელსაც ხელისუფლებამ სასამართლოს კვლევა დაუკვეთა და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობოდა“, – აღნიშნულია „აიპრესის“ ინფორმაციაში.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს: „ორგანიზაცია „იპსოსი“, რომლის გამოკითხვის შედეგებსაც მმართველმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა, მსოფლიო სამეულში შედის და 88 ქვეყანაში ოპერირებს. თავდასხმის სერიის დროს მმართველი პარტიის ლიდერებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ – „იპსოს“ ის ორგანიზაციაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაზე მეტად ენდობა“, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში“.

„აიპრესის“ ცნობით, საკამათო საკითხებთან დაკავშირებით მათ კითხვები მიწერეს „იპსოს ფრანსს“, სწორედ იმ ორგანიზაციას, რომელმაც საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კვლევა ჩაატარა. გამოცემაში აცხადებენ, რომ პასუხი კვლევების დირექტორმა მეთიუ გალარდმა გასცათ.

„მეთიუ გალარდი – ქართული სატელევიზიო არხი „რუსთავი 2“-ის მიერ დაკვეთილი გამოკითხვები ჩატარდა არა „იპსოს“ საფრანგეთის, არამედ „იპსოსის“ უკრაინული განშტოების მიერ. ყველა შეკითხვა უნდა გადამისამართდეს ქვეყნის ოფისში.

ზოგადად, ახლო წარსულში, იპსოს საფრანგეთს არ ჩაუტარებია არავითარი კვლევა საქართველოში, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კვლევის გარდა.

შესაბამისად, კითხვებით უკვე მივმართეთ უკრაინის ოფისს და პასუხებს მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

თავად „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კვლევის ჩატარების შესახებ მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:

1. დამკვეთი – შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ (ს/კ:211352016), მისამართი: ზ.ანჯაფარიძის 5ა
(ყოფილი სანდრო ეულის ქ.5ა), თბილისი, 0186, საქართველო.

2. კვლევა ფასიანია თუ უფასო– კვლევაში მონაწილე რესპონდენტები არ იხდიან რაიმე სახის
საფასურს და გამოკითხვა არის უფასო. კვლევას, სახელშეკრულებო თანხის სანაცვლოდ (ფასით)
ახორციელებს IPSOS S.A. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ დაკვეთით.

3. ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა კვლევა- სახელწოდება ოფიციალური რეგისტრაციის მიხედვით:
Chemin du Château-Bloch, 11; 1219 Le Lignon, Switzerland

4. კვლევის ჩატარების დრო–01.05.2019- 14.05.2019

5. გამოკითხვის მეთოდი – პირისპირი გამოკითხვის გზით;“, – აღნიშნულია „აიპრესის“ ინფორმაციაში.