იპოდრომზე გამართულ აქციაზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო
იპოდრომზე გამართულ აქციაზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამი პირის პროცესი 4 მაისამდე გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა მოწმეებისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად დაცვის მხარემ დააყენა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე ირაკლი ბელქანიამ თავი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

სამივე დაკავებულს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, სამი პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.