იოზეფ ბლატერი ყატარის საქმეზე ჩვენების მიცემას აპირებს
იოზეფ ბლატერი ყატარის საქმეზე ჩვენების მიცემას აპირებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარისთვის მინიჭების წინააღმდეგი იყო, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი სინდისი სუფთაა. შვეიცარიელმა დაამატა, რომ მზად არის მისცეს ჩვენება საფრანგეთის პროკურატურას 2010 წელს ჩატარებულ არჩევნებზე, რომლის მიხედვითაც ტურნირის მასპინძელი ყატარი გახდა.

„თუ ისინი მომთხოვენ ჩვენების მიცემას, ვფიქრობ, გავემგზავრები საფრანგეთში, რადგან ჩემი სინდისი სუფთაა.

როცა პლატინი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხმას მისცემდა ყატარს, განსაკუთრებით, ფეხბურთის განვითარებისთვის – ის ტყუილს ლაპარაკობს. ჩვენ „ფიფას“ აღმასრულებელ კომიტეტში მივედით კონსენსუსამდე და ვგეგმავდით 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მიცემას რუსეთისთვის და 2022 წლის ჩემპიონატის – ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ გაიმართა სახელგანთქმული ვახშამი პარიზში. პლატინიმ მისი დასრულებისთანავე დამირეკა და მითხრა: „ზეპ, ეს არ იმუშავებს, ჩვენ პრობლემა შეგვექმნება არჩევნების დროს“. პრეზიდენტმა სარკოზიმ სთხოვა მას ყატარისთვის ეყარა კენჭი. მე ვკითხე პლატინის: „მან გაიძულა ამის გაკეთება?“ მან მიპასუხა: „სულაც არა, მაგრამ როცა ქვეყნის მეთაური გთხოვს რაღაცის გაკეთებას, თქვენ აკეთებთ ამას, ამიტომ მეგობრებს თან წავიყვან და გავაკეთებ ამას“. მისი მეგობრები იყვნენ კვიპროსელი მარიოს ლეფკარიტისი, ბელგიელი მიშელ დ’ოგუ და ესპანელი ანხელ მარია ვილიარი. ასე რომ, მან ოთხი ხმა მოუტანა ყატარს“, – განაცხადა ბლატერმა სააგენტო AFP-სთან კომენტარში.

ყატარმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში გაუსწრო ავსტრალიას, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და აშშ-ს. მაგრამ 2010 წელს ჩატარებული არჩევნების პატიოსნებაში მუდმივად ეპარებათ ეჭვი. საქმე ისაა, რომ მასპინძელი ქვეყნის არჩევამდე ერთი თვით ადრე, პარიზში გაიმართა შეხვედრა „უეფას“ მაშინდელ პრეზიდენტ მიშელ პლატინის, საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და ყატარის მაშინდელი ემირ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის შორის. როგორც შემდეგ გაირკვა, ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მიცემა დაგეგმილი აქცია იყო: სარკოზიმ ალ ტანის შესთავაზა „პარი სენ-ჟერმენის“ ყიდვა და საფრანგეთში სპორტული არხის (BeIN Sports) ფილიალის გახსნა, სანაცვლოდ კი ყატარს დახმარებას დაპირდა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მოპოვებაში.

ბლატერი 2015 წელს ჩამოაშორეს საფეხბურთ საქმიანობას. მას ექვსწლიანი დისკვალიფიკაცია აქვს.