იოსებ ხახალეიშვილი - ყველას, ვისაც ჩემ მიმართ რაიმე კითხვა ან პრეტენზია ჰქონდა, ჩემი საქმიანობით ვაჩვენებ, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთეს
იოსებ ხახალეიშვილი - ყველას, ვისაც ჩემ მიმართ რაიმე კითხვა ან პრეტენზია ჰქონდა, ჩემი საქმიანობით ვაჩვენებ, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთეს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი თანაქალაქელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა მედიასთან განაცხადა, საქმით დაამტკიცებს, რომ ქუთაისელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე დაუდგა ქუთაისს. ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს გამარჯვება გამოცხადებულია ცესკო-ს გვერდზე, ოფიციალური მონაცემებით. მადლობა მედიას, კრიტიკისთვის, თანამშრომლობისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მომავალი დღეებიდან გვექნება ძალიან აქტიური და პოზიტიური თანამშრომლობა ისე, როგორც ეს გვქონდა.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დაწყებული საქმე გაგრძელდება, იქნება ახალი საქმეები და ვფიქრობ, რომ ქუთაისში ყველა, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მზად იქნება იმისთვის, რომ ვიმუშაოთ და ჩვენს ქალაქს მივცეთ წარმატებული ხვალინდელი დღე და მომავალი“, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მის მიმართ შეურაცხმყოფელი კამპანია წარმოებდა.

„წინასაარჩევნო გარემო იყო ძალიან ცუდი, გამომდინარე ჩემი ოპონენტების მიერ წარმოებული იმ კამპანიის, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და ზოგადად ქალაქისთვის, მაგრამ ბოლომდე მივიყვანე ჩემი საარჩევნო კამპანია ისე, როგორც ამ ქალაქს და ჩემს ოჯახს შეეფერება. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემ მიმართ ჰქონდა კითხვა, რაიმე პრეტენზია, ჩემი საქმიანობით ვაჩვენებ, რომ ამ ქალაქში ეს არჩევანი იყო ყველაზე სწორი.

გამარჯვებას ველოდი, პირველ ტურში ჩვენ მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას, რადგან დღეს ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნებაა“ უმრავლესობაში. ქვეყნის მასშტაბით 47% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ჰაერიდან მოტანილი რეფერენდუმზე კითხვის ნიშანიც მოხსნილია. ასევე მივიღეთ გამარჯვება 20-დან 19 ქალაქში მეორე ტურში“, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქუთაისში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდება.

„რაც შეეხება სამუშაო გეგმებს, ეს იქნება ჩემი და ჩემი გუნდის უახლოესი დღეების მთავარი სამუშაო, რაც მთავარია, უნდა მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებული იქნება, მინდა, წინასწარ დავაანონსო და გითხრათ, რომ ბიუჯეტის მატებას ვგულისხმობ და იმ მნიშვნელოვან ახალ პროექტებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ვფიქრობ, ქუთაისს 2022 წელს ექნება ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი და ჩვენ თანაქალაქელებთან ერთად ვიზრუნებთ ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს ხმების 51,64 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს 48,36 პროცენტი.