იოსებ არჩვაძე - „სტანდარტ ენდ ფუარსის“ ანგარიში წარმოადგენს დამაიმედებელ გზავნილს არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ქართული ბიზნესის, მოსახლეობისა და ინვესტორებისთვის
იოსებ არჩვაძე - „სტანდარტ ენდ ფუარსის“ ანგარიში წარმოადგენს დამაიმედებელ გზავნილს არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ქართული ბიზნესის, მოსახლეობისა და ინვესტორებისთვის

კონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძის განცხადებით, „სტანდარტ ენდ ფუარსი“ერთ-ერთია იმ მსხვილი სარეიტინგო კომპანიებიდან, რომელთა შეფასებას, რეიტინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ კორპორაციებიც და სახელმწიფოებიც.

„სარეიტინგო კომპანიას მხედველობის მიღმა არ დარჩენია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები: საგარეო ვალდებულებები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის პერსპექტივა, დოლარიზაციის მაღალი დონე, გეოპოლიტიკური ვითარება, თუმცა იქვე პოზიტიურადაა შეფასებული მათზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება და ეკონომიკის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული ბოლო წლებში განხორციელებული სისტემური რეფორმები (საპენსიო, დეპოზიტების დაზღვევის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ა.შ.)“, – წერს იოსებ არჩვაძე „ფეისბუქ“ გვერდზე, რითაც ეხმაურება „სტანდარტ ენდ ფუარსის“ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვების შესახებ.

სოსო არჩვაძის თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ, ფაქტობრივად გაიმეორა სულ რამდენიმე დღის წინ მეორე სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და კორონავირუსის პანდემიის მიერ საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიუხედავად, პერსპექტივა უცვლელად სტაბილურ დონეზე დატოვა.

არჩვაძის შეფასებით, „სტანდარტ ენდ ფუარსი“ საქართველოს ინსტიტუციურ სიძლიერეს უსვამს ხაზს და მას საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად მიიჩნევს.

„ამასთან, ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის ნომენკლატურისა და გეოგრაფიის დივერსიფიცირების, ინვესტიციების მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არა თუ პროგნოზის სტაბილურობიდან პოზიტიურში გადაყვანა, არამედ თავად რეიტინგის გაუმჯობესებაც, რაც საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციებისათვის,“- აღნიშნულია ფეისბუქ-პოსტში.

მისი თქმით, მთლიანობაში, „სტანდარტ ენდ ფუარსი“ არა მარტო ობიექტურად აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და საფინანსო-საბანკო სექტორის მდგომარეობას, არამედ იძლევა ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას და ეს გარემოება იმ დროს, როდესაც გლობალური პანდემია ჯერ არ დასრულებულა, წარმოადგენს საკმაოდ დამაიმედებელ, პოზიტიურ გზავნილს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ ქართული ბიზნესის, მოსახლეობის, მოქმედი, თუ პოტენციური ინვესტორებისთვის.