იორდანიაში ტურისტებზე თავდასხმა განხორციელდა
იორდანიაში ტურისტებზე თავდასხმა განხორციელდა

იორდანიაში უცხოელ ტურისტებზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, თავდასხმა ანტიკურ ქალაქ ჯარეშში მოხდა.

რომაულ ნანგრევებთან ახლოს რამდენიმე უცხოელ ტურისტს, მათ გიდს და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ცივი იარაღით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი დაესხა თავს.

დაშავებულები უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, დაშავებული ტურისტები სავარაუდოდ მექსიკისა და შვეიცარიის მოქალაქეები არიან, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი ადგილზე დააკავეს. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.