იორდანიაში შეჰანის ქართველთა მონასტრის კვალს ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იორდანელი და ამერიკელი მეცნიერები შეისწავლიან
იორდანიაში შეჰანის ქართველთა მონასტრის კვალს ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იორდანელი და ამერიკელი მეცნიერები შეისწავლიან

იორდანიის სამეფოს კარაკის მხარეში, ისტორიული მდინარე არნონის (ამჟამინდელი ვადიმუჯიბი) ხეობაში შეჰანის ქართველთა მონასტრის კვალს ქართველ მკვლევარებთან ერთობლივად იორდანელი და ამერიკელი მეცნიერები შეისწავლიან.

დაზვერვითი ექსპედიცია, რომელშიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგებთან ერთად იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტისა და აშშ-ს ორიენტალური კვლევების საერთაშორისო ცენტრის „აქორის“ სპეციალისტები ჩაერთვებიან, მიმდინარე წელსვე დაიწყება. იორდანიაში ამერიკულ კვლევით ორგანიზაციასთან სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფის სამუშაო შეხვედრისას უკვე შეთანხმდა, რომ სამეცნიერო-კვლევით პროცესში „აქორი“ საქართველოს მხარეს ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფს ორიენტალური კვლევების საერთაშორისო ცენტრი სააგენტოს შეჰანის უდაბნო-მონასტრის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენაში დაეხმარება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ისტორიული წყაროების მიხედვით, შეჰანის ქართველთა მონასტერი გაბრიელ თბილელის მიერ XI საუკუნეშია დაარსებული. ცნობილია, რომ მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ მონასტერში გაატარა. XI საუკუნის 60-იან წლებში აქვე დაიკრძალა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის დამაარსებელი გიორგი პროხორე. შეჰანის უდაბნო-მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქს (ფილიალს) წარმოადგენდა. მონასტერმა XIII საუკუნემდე იარსება. მონასტრიდან შემორჩენილია რამდენიმე საეკლესიო ხელნაწერი. მათგან ერთ-ერთი იურუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავშია დაცული.

იორდანიაში ქართული კერების მოძიების შესაძლებლობებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში განიხილავს. იორდანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები უკვე გამართა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის გენერალურ მდივანთან – იაზიდ ელაიანთან. მხარეებს შორის დარგობრივი მოლაპარაკებები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის პლატფორმის შემუშავებას ისახავს მიზნად. უძრავი ძეგლების დაცვისა და არქეოლოგიის მიმართულებით სამომავლო პარტნიორობასთან ერთად, განსახილველი თემები შეეხება სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტებს, სიძველეების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე რელიგიური და ისტორიული კვალის სამეცნიერო შესწავლა სააგენტოს ახალ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. კვლევითი სამუშაოები მიმდინარე წელს იორდანიის სამეფოსთან ერთად ისრაელშიც წარიმართება, სადაც ქალაქ იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალს ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები შეისწავლიან.