იორდანიაში, ქალაქ აკაბას პორტში ქლორინის გაჟონვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი დაშავდა
იორდანიაში, ქალაქ აკაბას პორტში ქლორინის გაჟონვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი დაშავდა

იორდანიაში, წითელი ზღვის პირას მდებარე ქალაქ აკაბას პორტში ქლორინის გაჟონვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამწეს გაუმართავობის შედეგად, კონტეინერი, რომელშიც ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება ინახებოდა, ტრანსპორტირების დროს ჩამოვარდა. კონტეინერი 25-დან 30 ტონამდე ქლორინს მოიცავდა, რომლის ექსპორტი ჯიბუტიში იგეგმებოდა.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ ამწეთი ჰაერში აწეული კონტეინერი მოულოდნელად გემზე ვარდება და ფეთქდება, რის შედეგადაც ჰაერში მომწამვლელი აირის ყვითელი ღრუბელი იფანტება.

ქიმიური ზემოქმედების შედეგად 199 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, ზოგი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალაქ აკაბას მცხოვრებლებს სახლებში დარჩენა და ფანჯრების დახურვა ურჩიეს. ხალხი ევაკუირებულია აკაბას პლაჟიდანაც, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია და პორტიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს.

სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტმა შემთხვევის ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფი გაგზავნა. პრემიერ-მინისტრ ბიშერ ალ-ხასავნე აკაბაში ჩავიდა და შინაგან საქმეთა მინისტრს მომხდარის გამოძიების ზედამხედველობა დაავალა.