იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები რვაწლიანი დაგვიანებით 10 ტონაზე მეტ წერილს მიიღებენ
იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები რვაწლიანი დაგვიანებით 10 ტონაზე მეტ წერილს მიიღებენ

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები რვაწლიანი დაგვიანებით 10 ტონაზე მეტ წერილს მიიღებენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პალესტინის ფოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქ იერიქონში ფოსტის თანამშრომლები წერილებით სავსე ტომრებსა და ამანათებს უკვე რამდენიმე დღეა ახარისხებენ – მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებიდან იორდანიის საფოსტო გზავნილების შეტანის ნებართვა გასცა.

პალესტინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10,5 ტონა ამანათები და წერილები იორდანიაში 2010 წლიდან იყო გაჩერებული, რადგან ისრაელის ხელისუფლებას დასავლეთ სანაპიროზე პალესტინური ადმინისტრაციისთვის ამანათების პირდაპირი გადაცემა აკრძალული ჰქონდა.

გზავნილებს შორის შშმ პირთათვის განკუთვნილი ეტლი და სათამაშოებიცაა.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, პალესტინაში საფოსტო გზავნილების ჩატანა ერთჯერადი ჟესტია. ოფიციალური თელ-ავივი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმებაზე, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე საერთაშორისო გზავნილების პირდაპირ მიწოდებას ითვალისწინებს.

პალესტინის ფოსტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რვა წლის წინანდელი ამანათების ადრესატებამდე მიტანა სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ზოგიერთი გზავნილის ყუთები დაზიანებულია, შიგთავსი კი გაბნეული. ასევე, დაზიანებულია კონვერტების ნაწილი.

„გზავნილებს შორის საბავშვო სათამაშოებია. შესაძლოა, ეს ბავშვები ერთი წლის ასაკის იყვნენ, როდესაც მათ ეს ნივთები გაუგზავნეს, ახლა კი ისინი რვა წლის არიან“, – განაცხადა ფოსტის წარმომადგენელმა რამადან ღაზავიმ.