იოჰანეს ჰანი - უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ყურადღებით აკვირდებიან როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა ევროპულ დედაქალაქებში
იოჰანეს ჰანი - უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ყურადღებით აკვირდებიან როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა ევროპულ დედაქალაქებში

უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ყურადღებით აკვირდებიან როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა ევროპულ დედაქალაქებში, – ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

ჰანის თქმით, ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესისა და ძალისხმევის მხარდამჭერი.

„ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო პარტნიორები არიან. ვეთანხმები პრემიერს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. კერძოდ, არსებული პოტენციალის სრულიად გამოყენებაზე, მათ შორის ასოცირების შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით დაწყებული და სხვა მრავალი ჯერ აუთვისებელ შესაძლებლობამდე. ვფიქრობ, ამას შეუძლია კიდევ განამტკიცოს არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლობა, არამედ ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიული ხასიათი.

ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის და ძალისხმევის მხარდამჭერი. ჩვენ ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ეს ძალისხმევა კერძოდ კი კანონის უზენაესობისა და სამართლის რეფორმის კუთხით. მიმდინარე პროცესს, რომელსაც შედეგად მოჰყვება უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნა, ყურადღებით აკვირდებიან როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა ევროპულ დედაქალაქებში და მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ხარისხი, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს ინსტიტუტი“,- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნების წინ ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა აუცილებელია.

„პრემიერ-მინისტრთან აღვნიშნე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე საარჩევნო რეფორმა პასუხობდეს ეუთო-ს რეკომენდაციებს. კერძოდ 2020 წლის არჩევნების წინ ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა აუცილებელია და ამ კონტექსტში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიისთვის“,- განაცხადა ჰანმა.

დატოვე კომენტარი