იოჰანეს ჰანი - უნდა ვკონცენტრირდეთ არსებულ მექანიზმებზე, ესაა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასოცირების შეთანხმება
იოჰანეს ჰანი - უნდა ვკონცენტრირდეთ არსებულ მექანიზმებზე, ესაა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასოცირების შეთანხმება

უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც გვაქვს. ესაა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასოცირების შეთანხმება, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე საუბრისას იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა, პირველ რიგში, უნდა დაასრულოს გაფართოების პროცესი დასავლეთ ბალკანეთზე.

„ამასთანავე, პარალელურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლებში ევროკავშირს შიდა კონსოლიდაცია სჭირდება ინსტიტუციურ დონეზე, თუ როგორ გახდეს გლობალური აქტორი. ეს ჩვენი მეზობლების ინტერესიცაა. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც გვაქვს – ესაა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასოცირების შეთანხმება. სამომავლოდ ბევრი სამუშაოა, ჩვენ წლებზე ვსაუბრობთ. როდესად მაგალითად საქართველოდან ევროპაში ვაჭრობას ვახსენებთ, ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, ზუსტი თარიღის დასახელება მართებული არ იქნება, რადგან ეს ქმნის მოლოდინებს, რომელიც შესაძლოა, არ შესრულდეს და იმედგაცრუება გამოიწვიოს.

„ამიტომ ფოკუსირება რეალისტურ საქმეზე უნდა მოვახდინოთ, რისი მიღწევაც შესაძლებელია. 21 ნოემბერს ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება, რომელიც თანამშრომლობის მეტად გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული გარკვეული სექტორული მიმართულებით, მაგალითად ენერგეტიკის და ვაჭრობის კუთხით“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.