იოჰანეს ჰანი - საქართველოს მთავრობამ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლის გახსნაზე, რითაც ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება მოახდინა
იოჰანეს ჰანი - საქართველოს მთავრობამ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლის გახსნაზე, რითაც ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება მოახდინა

საქართველოს მთავრობამ ძალიან ოპერატიულად მოახდინა რეაგირება თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნაზე, – ამის შესახებ სკოლის გახსნის ცერემონიაზე, ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ამით საქართველომ კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება.

„დამთხვევა ნამდვილად არ გახლავთ, რომ ეს სკოლა თბილისში გავხსენით. საქართველოს მთავრობამ ძალიან ოპერატიულად მოახდინა რეაგირება თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  სკოლის გახსნაზე. ეს გახლავთ კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველომ საკუთარი ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება მოახდინა, ევროპულ იდეასთან დაკავშირებით თავისი ვალდებულებები გამოხატა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მისი თქმით, საქართველომ აჩვენა თავისი ვალდებულება, იყოს ევროპული ოჯახის ცენტრში.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველომ დაგვანახა თავისი ვალდებულება, იყოს ევროპული ოჯახის ცენტრში და ვაგრძელებთ ჩვენი ბრწყინვალე ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა ევროკომისარმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სწავლასა და განათლებას ხანგრძლივი ტრადიციები აქვს. იოჰანეს ჰანმა შოთა რუსთაველის სიტყვებიც მოიყვანა.

„საქართველოში სწავლასა და განათლებას ხანგრძლივი ტრადიციები გააჩნია. როგორც საქართველოს გამორჩეულმა პოეტმა, შოთა რუსთაველმა ბრძანა „ვეფხისტყაოსანში“ „ჭკვიანსა მართებს სწავლება“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

ამასთან, იგი მიესალმება ევროპული სკოლის მოდელის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ხედვას, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ემყარება.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან აღნიშნული ნაბიჯების გადასადგმელად. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საპილოტე პროექტი გახლავთ და კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი, თუ როგორ უნდა მოხდეს მაქსიმალურად ამ სკოლის შესაძლებლობების გამოყენება. მოხარული ვარ, რომ ჰააგაში, ჩვენი კოლეგებს, რომლებიც საერთაშორისო ბაკალავრიატის მიმართულებას ხელმძღვანელობენ, შეემატათ კიდევ ერთი მიმართულება“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ევროპული სკოლის პროექტი წარმატებული იყოს, რადგან სხვა ქვეყნებში მისი განხორციელება გაცილებით მარტივი იქნება.

„ჩვენ უკვე ბევრი მოთხოვნა მივიღეთ, რომ ასეთი ევროპული სკოლები გახსნილიყო სხვა ქვეყნებში, ჩვენს სამეზობლო რეგიონებში და შეიძლება, ევროპიდან გეოგრაფიულად მოშორებულ ადგილებში“, – განაცხადა ევროკომისარმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიაში იოჰანეს ჰანთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიიღო მონაწილეობა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. იოჰანეს ჰანი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.