იოჰანეს ჰანი მოუწოდებს ევროკავშირს, ბალკანეთის ქვეყნები რაც შეიძლება მალე მიიღონ
იოჰანეს ჰანი მოუწოდებს ევროკავშირს, ბალკანეთის ქვეყნები რაც შეიძლება მალე მიიღონ

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მოუწოდებს ევროკავშირს, ბალკანეთის ქვეყნები რაც შეიძლება მალე მიიღონ. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თქმით, ბალკანეთის სახელმწიფოების ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშია.

„საუბარია ჩვენს ინტერესებზე. საკითხი ასე დგას – ან სტაბილურობის ექსპორტს ვახდენთ, ან არასტაბილურობის იმპორტს ვახორციელებთ“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა გერმანულ გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირის მეზობლები არიან და ამ სახელმწიფოებში არსებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაცია ევროპელი ლიდერებისთვის სულერთი არ უნდა იყოს.

ეს განცხადებები ევროკომისარმა დღეს ბერლინში დაგეგმილ სამიტამდე გააკეთა, რომელზეც ანგელა მერკელი ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სერბეთის და კოსოვოს კონფლიქტი იქნება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე ბოსნიის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ხორვატიის და სლოვენიის ლიდერები.