იოჰანეს ჰანი - განათლების ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა ცვლილებებისთვის
იოჰანეს ჰანი - განათლების ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა ცვლილებებისთვის

განათლების ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა ცვლილებებისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა დაწერა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება და დღეს თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩემი მტკიცე რწმენაა, რომ განათლების ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა ცვლილებებისთვის. მოვუსმინე  სტუდენტებს და დარწმუნებული ვარ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა უზრუნველყოფს მათ ახალი პერსპექტივებითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელ რეგიონში ურთიერთგაგებას შეუწყობს ხელს“,  – წერს იოჰანეს ჰანი.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას სტუდენტებმა თავიანთი მოტივაციით, კომპეტენციითა და ევროპული სულით მასზე შთაბეჭდილება მოახდინეს.

იოჰანეს ჰანმა სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრაც შეაფასა.

„ჩვენ განვიხილეთ რეგიონის გეოპოლიტიკური გამოწვევები. აღვნიშნავ საქართველოს შესანიშნავ მიღწევებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველოდები ბათუმის კონფერენციაზე მომავალ წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავის აღნიშვნას“, – წერს ევროკომისარი.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. ევროკომისარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მოსწავლეებს არაოფიციალურ გარემოში შეხვდა. მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ, იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს შეხვდა. ევროკომისარი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს.