იოჰანეს ჰანი - განათლება ერის დაცვის იაფი საშუალებაა, ეს ციტატა ჩემს კაბინეტში ყოველთვის თვალწინ მაქვს
იოჰანეს ჰანი - განათლება ერის დაცვის იაფი საშუალებაა, ეს ციტატა ჩემს კაბინეტში ყოველთვის თვალწინ მაქვს

განათლება ერის დაცვის იაფი საშუალებაა – ეს ციტატა ჩემს კაბინეტში ყოველთვის თვალწინ მაქვს, – აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული სკოლის პროექტი რეალურად ამბიციურია და მას მრავალი გამოწვევაც შეხვდა.

„ნამდვილად ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. მას შემდეგ, რაც ევროკომისარი გავხდი, ჩემი ამოცანა გახდა ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა. ეს ეხება ასევე მუშაკებს, მეწარმეებს, მათ, ვისაც ჩვენი საზოგადოება წინ მიყავს. როგორც ედმუნდ ბერკმა თქვა, განათლება ერის დაცვის იაფი საშუალებაა. მე შევარჩიე ეს ციტატა ბრიუსელში ჩემი შეხვედრების ოთახისთვის და მას ხედავს ყველა, ვინც ჩამოდის ჩემთან ბრიუსელში. ის აჩვენებს, რომ განათლებაში ინვესტირება არის მნიშვნელოვანი ვალდებულება. განათლება გახლავთ უმთავრესი მიმართულება. ეს ციტატა ბრიუსელში, ჩემს კაბინეტში ყოველთვის თვალწინ მაქვს. უმთავრესი ვალდებულებაა ინვესტირება განათლების სფეროში.  ჩვენი პასუხისმგებლობაა, დაგეხმაროთ, მიიღოთ შესაბამისი კვალიფიკაცია და შესაძლებლობები, რათა მოახდინოთ თქვენი პოტენციალის რეალიზება“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, მას სჯეროდა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა გახდებოდა წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო.

„რეალურად ამბიციურ პროექტს ვიწყებთ, მიუხედავად იმისა, რომ მას მრავალი გამოწვევა შეხვდა. აცხადებდნენ, რომ ძალზედ ამბიციური პროექტი იყო. მე ყოველთვის მწამდა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა გახდებოდა ჩვენი წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო. ჩემი მისია გახლდათ, შემექმნა  ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველი სკოლა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სტუდენტებს მოიზიდავდა და მისცემდა მათ შესაძლებლობას, არა მხოლოდ მიეღოთ მაღალი დონის განათლება, არამედ  ევროპულ ღირებულებებს ჩაღრმავებოდნენ“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მისი თქმით, მოსწავლეებს ეს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ენა შეისწავლონ,  რომელიც მათი მომავალი კარიერის ძირითადი საყრდენი იქნება და ასევე, სტუდენტებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება ექნებათ, ფართო, მრავალკულტურული, მრავალსახეობის წვდომის თვალსაზრისით.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა სტუდენტებს გუშინ პირადად შევხვედროდი, მომესმინა იმ ოცნებებისა და ამბიციებისთვის, რაც მათ ამოძრავებთ. ერთ-ერთმა მოსწავლემ კითხვაზე – როგორ მიიღეთ პროექტის შესახებ ინფორმაცია, განმიცხადა, რომ მე მიყვარს რისკი, მინდოდა ასეთ პროცესში მონაწილეობა მიმეღო. მან ჩააბარა წარმატებით შესარჩევი გამოცდები“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

იოჰანეს ჰანმა სტუდენტებს, რომლებმაც შერჩევის პროცესი წარმატებით გაიარეს მიღწევა მიულოცა და აღნიშნა, რომ 2000-მა ადამიანმა გამოხატა ინტერესი, 160-მა გაიარა პირველი ეტაპი და საბოლოდ 30 სტუდენტი შეირჩა.