იოჰანეს ჰანი - ჩემი პარტიისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი საკითხია
იოჰანეს ჰანი - ჩემი პარტიისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი საკითხია

ჩემი პარტიისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი საკითხია, – ამის შესახებ პირველ არხს „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განუცხადა.

მისი თქმით, სამიტის დეკლარაციის ტექსტზე კონსულტაციები არ დასრულებულა, დოკუმენტზე მსჯელობა მიმდინარეობს და ის სამიტის ბოლოს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ჩემი პარტიისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და მისი წევრი ქვეყნების ქვეყნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი საკითხია. რაც შეეხება მომავალ ნაბიჯებს, ვფიქრობთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების იმპლემენტაციიაა მნიშვნელოვანი. მარტო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ათვისებას 7-10 წელი სჭირდება. გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები რაც გვაქვს“, – აღნიშნა ჰანმა.

რაც შეეხება ევროპულ მისწრაფებას, ჰანმა გაიხსენა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის განცხადება, რომ ევროკავშირი მისი მანდატის პერიოდში გაფართოებას არ აპირებს, თუმცა მისივე თქმით, უნდა მოხდეს „მოლოდინის მენეჯმენტი“.

„ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი ახალ წევრს იუნკერის პრეზიდენტობის ვადაში არ მიიღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა არ გაგრძელდება. პრიორიტეტულ საკითხად ბალკანეთის ქვეყნების ევროპული მომავალია. გვაქვს კარგი დინამიკა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ უნდა შევძლოთ მოლოდინის მენეჯმენტი. ვფიქრობ, არასერიოზული იქნება, შევქმნათ მოლოდინი, რომ ეს შეიძლება 2-3 წელიწადში მოხდეს. ასე ვერ მოხდება, მივიღებთ იმედგაცრუებას და ზეწოლას მთავრობებზე. არ არის საიდუმლო, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის განსხვავებული მოსაზრებებია, მაგრამ ორგანიზაცია მხარს უჭერს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მათ მხარდაჭერას რეფორმების გზაზე“, – აღნიშნა ჰანმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით V სამიტში ბრიუსელში ხვალ გაიხსნება. სამიტზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.