იოჰან ვადეპულმა კიევს გერმანიის ინტერესებისთვის მეტი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდა – „უკრაინას მხარს ვუჭერთ, მაგრამ, სულ მცირე, აუცილებელია, ყველა შესყიდვაში გერმანიის თავდაცვის ინდუსტრია მონაწილეობდეს“

10:50, 09.09.2026

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და კიევს გერმანიის ინტერესებისთვის მეტი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ვადეპულმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ამჟამად ჩვენ ვართ უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ფინანსური და სამხედრო დახმარების თვალსაზრისით“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ უკრაინის მხარდაჭერით „გერმანიის თავდაცვის ინდუსტრიამაც უნდა მიიღოს სარგებელი“. ვადეპულის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ზელენსკისთან კიევში ვიზიტის დროს განიხილა.

„ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, მხარს გიჭერთ. მაგრამ ეს უნდა ავუხსნა გერმანელ გადასახადის გადამხდელებსაც და, სულ მცირე, აუცილებელია, რომ ყველა შესყიდვაში გერმანიის თავდაცვის ინდუსტრია მონაწილეობდეს“, – განაცხადა ვადეპულმა.

მისი თქმით, სწორედ ეს მოთხოვნა გააცნო უკრაინის პრეზიდენტს. ამასთან, ვადეპულის განმარტებით, გერმანიის მთავრობას შეუძლია, უკრაინაში სამხედრო გაწვევის ასაკის მამაკაცების დაბრუნებას ხელი შეუწყოს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „იძულების გარეშე“ უნდა მოხდეს.

ვადეპულის განცხადებით, ბერლინს შეუძლია, გამოიყენოს გერმანიაში რეგისტრირებული უკრაინელი მამაკაცების შესახებ არსებული მონაცემები და ისინი უკრაინის ხელისუფლებას გადასცეს. მისი თქმით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, უკრაინის მთავრობა გერმანიაში მყოფი მამაკაცებისთვის წერილების გაგზავნას და უკრაინაში დაბრუნებისკენ მოწოდებას შეძლებდა.

„ვფიქრობ, ეს საკითხი, შეიძლება და საჭიროც არის, რომ წამოიჭრას“,  – განაცხადა ვადეპულმა.

მსგავსი