იოჰან ვადეპული – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და უკეთესს ხდის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტისა და მაღალი რანგის იურისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და უკეთესს ხდის“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შვეიცარიაში ვიზიტისას.
მისივე თქმით, გერმანია მხარს უჭერს სასამართლოს, მის პრეზიდენტსა და თანამშრომლებს.
აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა ესპანეთიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სასამართლოს პრეზიდენტისა და მაღალი რანგის იურისტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „ღია თავდასხმაა“ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მთლიანობასა და მიუკერძოებლობაზე.
ესპანეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაში.
„ის საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ქვაკუთხედია. ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ მტკიცე და ცალსახა მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს სასამართლოს მოსამართლეებს, პროკურორებსა და ყველა თანამშრომელს, რომლის მიმართაც სანქციები გავრცელდა“,- ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტისა და მაღალი რანგის იურისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.