იოჰან ვადეპული – რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხემ ჩვენს კართან მოაღწია და ის ხელშესახებია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე ევროპისთვის სულ უფრო ხელშესახები ხდება და ლაიფციგის აეროპორტთან დაკავშირებული ინციდენტი რუსეთის მზარდი აგრესიის ნაწილია.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტესა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს გერმანიისადმი გამოხატული სოლიდარობისთვის.
„ლაიფციგთან დაკავშირებით რუსეთისგან მომდინარე საფრთხე განსაკუთრებით ხელშესახები გახდა. ეს არის რუსეთის მზარდი აგრესიის ნაწილი ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ“, – განაცხადა ვადეპულმა.
ვადეპულის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მისი თქმით, ძლიერი ევროპა თავად ნატო-საც აძლიერებს და გერმანია ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
„ჩვენ, ევროპელები, საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ. უფრო ძლიერი ევროპა ნატო-საც უფრო ძლიერს ხდის და გერმანია აქ ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ვადეპულმა.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა გერმანიისა და ევროპის დღის წესრიგში კვლავ რჩება.
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. ჩვენ, ევროპელები, კანადასთან ერთად, სამხედრო დახმარების უდიდეს ნაწილს ვიღებთ საკუთარ თავზე. უკრაინას კვლავ სასწრაფოდ ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, განსაკუთრებით დამატებითი რაკეტები. სწორედ ამიტომ გერმანიამ ამ კვირაში „პეტრიოტების“ დამატებით მიწოდების ვალდებულება აიღო“, – აღნიშნა ვადეპულმა.
თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ გერმანიას შეუძლია, ყოველთვის ჰქონდეს ნატო-ს იმედი.
„ასე მუშაობს ნატო – ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის. რუსეთს ჩვენი დაყოფა სურს, მაგრამ ჩვენ ერთიანები ვართ. რუსეთს სურს, რომ უკრაინის დახმარება შევწყვიტოთ, მაგრამ ჩვენ უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ“, – განაცხადა რუტემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთის „უგუნური მოქმედებები სისუსტის ნიშანია“.
„უკრაინა კი ყოველდღიურად ავლენს სიმტკიცეს“, – აღნიშნა რუტემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების სურვილს არ ავლენს.
„მიუხედავად ამ მძიმე დანაკარგებისა, პუტინი ომის დასრულებისთვის არანაირ მზადყოფნას არ აჩვენებს“, – აღნიშნა რუტემ.