იოჰან ვადეპული – რუსეთი კვლავაც წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს, კრემლის მიერ კალინინგრადში განთავსებულ რაკეტებს ბერლინამდე მისაღწევად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდებოდა
რუსეთის მიერ კალინინგრადში განთავსებულ „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებს ბერლინამდე მისაღწევად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდებოდა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
თავის გამოსვლაში ვადეპულმა სამხრეთ აფრიკას განსხვავებული მიდგომისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში გვატყუებდა და კვლავაც წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს. რუსეთის მიერ კალინინგრადში განთავსებულ „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებს ბერლინამდე მისაღწევად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდებოდა. ეს თანამედროვე ევროპული სტრატეგიული რეალობის ნაწილია“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მედიის ცნობით, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება გერმანიასა და სამხრეთ აფრიკის ურთიერთობებში ერთ-ერთი უთანხმოების საკითხია.
როგორც გერმანული მედია წერს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელსაც კი სამხრეთ აფრიკა კვლავ არ გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. როგორც „ბრიქსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, ის ტრადიციულად ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მოსკოვსა და პეკინთან.