იოჰან ვადეპული - მოვითხოვთ უკრაინაში კორუფციული ბრალდებების გამოძიებას, ამასთანავე, გავაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ უკრაინაში კორუფციული ბრალდებები სრულად უნდა გამოიძიონ. ამის შესახებ ვადეპულმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომამდე, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ვადეპულის თქმით, კორუფციული ბრალდებების მიუხედავად, უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა ურყევია.
„კორუფციული სკანდალი და მასთან დაკავშირებული ყველა ბრალდება სრულად უნდა იქნეს გამოძიებული. კანცლერმა ეს ასევე მკაფიოდ განუცხადა პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ანტიკორუფციულ ორგანოებს. მე ასევე მკაფიოდ განვაცხადე ამის შესახებ კიევში ვიზიტისას. ეს აბსოლუტურად ნათელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გადაგვატანინოს ყურადღება იმისგან, სადაც ვიმყოფებით. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და იმ შემთხვევაშიც, როდესაც არის კორუფციის ბრალდებები, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. ჩვენ მოვითხოვთ ამ ბრალდებების გამოძიებას და გავაგრძელებთ უკრაინისთვის ცალსახა მხარდაჭერის აღმოჩენას“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იძიებენ კორუფციულ სქემას, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ.
როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“.
უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აღნიშნავენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. საუბარში რამდენიმე მაღალჩინოსანი ფიგურირებს. კორუფციული სკანდალის ფონზე გუშინ უმაღლესმა რადამ იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების გადაყენებას მისცა ხმა.