იოჰან ვადეპული - მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ევროპასთან კავშირი ამერიკული საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, ეს არის მარკო რუბიო, რომელსაც ვიცნობ, ასე ვიცით აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკა
იოჰან ვადეპული - მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ევროპასთან კავშირი ამერიკული საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, ეს არის მარკო რუბიო, რომელსაც ვიცნობ, ასე ვიცით აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკა

აშშ-თან კონსენსუსი უფრო მეტია, ვიდრე უთანხმოება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე შეხვდა ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც ევროპის მიმართ აშშ-ის ერთგულება გამოხატეს.

„მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მჭიდროა კავშირები ევროპასთან და რომ ეს ამერიკული საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ეს არის მარკო რუბიო, რომელსაც ვიცნობ. ასე ვიცით ამერიკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და სწორედ ამიტომ ვუყურებ მის გამოსვლას, მის გამოჩენას და მასთან არსებულ დისკუსიებს სიხარულით. ასევე, იმედით, რომ ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ ის კავშირი, რომელსაც ერთმანეთთან ვამყარებთ.

მე ვთქვი, რომ არსებობს გაღიზიანება. ასევე, არის სიტყვები, რომლებმაც წარსულში ევროპაში ბევრი ადამიანი გააუცხოვა. თუმცა აქ, დისკუსიების პირველ რაუნდებში მე უკვე ვნახე სენატორები, რომლებიც ევროპის მიმართ აშშ-ის ერთგულებას ნათლად გამოხატავენ. მათ ჩვენც ანალოგიურად უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ ამ ურთიერთობაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ გვსურს, რომ მჭიდრო კავშირები შევინარჩუნოთ. ჩვენ გვსურს, რომ ამაზე ორივე მხრიდან ვიმუშაოთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა დავეყრდნოთ სტატუსკვოს, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში უსაფრთხოდ მივიჩნევდით“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპის დრო დადგა.

„ჩვენ, ევროპელებმა, ვიცით, რომ ევროპის დრო დადგა. ჩვენ ვიცით ჩვენი ინტერესები, ჩვენ ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები“, – აღნიშნა ვადეპულმა.