იოჰან ვადეპული - გვჭირდება დრო დასაფიქრებლად, რა შეიძლება გახდეს მყარი საფუძველი უკრაინაში მდგრადი მშვიდობისთვის, ეჭვი მეპარება, რომ ეს ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის განცხადებით, „ტრამპის გეგმაზე“ მუშაობა ზედმეტი აჩქარების გარეშე გაგრძელდეს.
მისი თქმით, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გაიწერება გარანტიები, რომ ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმუშავებს.
ვადეპულის განცხადებით, უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებიც ამჟამად „ტრამპის გეგმაში“ არსებობს, ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი ფორმულირებებით არის აღწერილი, ამიტომ მათი დეტალური შესწავლა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვჭირდება დრო, რომ დავფიქრდეთ, რა შეიძლება გახდეს მყარი საფუძველი მდგრადი მშვიდობისთვის. მეპარება ეჭვი, რომ ეს ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
ვადეპულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა აქტიურად ზრდის შეიარაღებას, ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოსკოვი კვლავ დაიწყებს აგრესიულ მოქმედებებს.
ვადეპულის თქმით, ევროპელებისთვის ამ გეგმაში ჩამოთვლილი დეტალები სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დოკუმენტში არის პუნქტები, „რომლებიც, ევროპის თვალსაზრისით, სხვაგვარად უნდა შევაფასოთ“ და ისინი დამატებით განხილვას საჭიროებს.
ამასთან, ვადეპული მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიევის მისაღებია და ის უნდა იყოს „სუვერენული“.