იოჰან ვადეპული - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აკრძალვა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმიდან ამოღებულია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში გამართულმა მოლაპარაკებებმა ევროპელებისთვის „გადამწყვეტი წარმატება“ მოიტანა.
მისი თქმით, ევროპასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აკრძალვა, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმიდან ამოღებულია.
გერმანიის საზოგადოებრივ რადიოსადგურ Deutschlandfunk-თან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელებისა და უკრაინელების გარეშე არანაირი შეთანხმება არ უნდა მიიღონ.
„ევროპასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები, ამ გეგმიდან ამოღებულია. ეს არის გადამწყვეტი წარმატება, რომელსაც გუშინ მივაღწიეთ. თავიდანვე ცხადი იყო, როგორც არაერთხელ ვთქვით, რომ არანაირი შეთანხმება არ უნდა მიიღონ ევროპელებისა და უკრაინელების მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.
ცნობისთვის, მედიაში თავდაპირველად გავრცელებული რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, „რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ნატო არ გაფართოვდება“. შემდეგ მედიამ გაავრცელა ევროპული კონტრშეთავაზების ტექსტი, საიდანაც ამოღებულია აშშ-ის გეგმის მესამე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ნატო არ გაფართოვდება“.