იოჰან ვადეპული – ევროპამ ახლა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან, რისთვისაც მოლაპარაკებებია საჭირო, არსებობს ნიშნები, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე დაიწყოს

23:09, 29.09.2026

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა,  უახლოეს მომავალში დაიწყოს.

ვადეპულის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში ევროპამ „რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარება შეძლოს“.

„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია თავად რუსეთის ან რუსი ხალხის მიმართ. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმთან, რომელმაც ეს უკანონო აგრესიული ომი წამოიწყო და აგრძელებს“, – აღნიშნა ვადეპულმა.

მისი თქმით, „ახლა და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ევროპული უსაფრთხოება რუსეთთან ერთად კი არა, რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენდებოდეს“.

ამასთან, როგორც ვადეპულმა აღნიშნა, ევროპამ ახლა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან, რისთვისაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაა საჭირო.

„ახლა არსებობს ნიშნები იმისა, რომ ასეთი მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე დაიწყოს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ვადეპულმა მოუწოდა ევროპელებს, „არ დაუშვან, რომ აშშ-მა უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე მონოპოლია შეინარჩუნოს“.

„ჩვენ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ომი ხომ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ვადეპულმა.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ „ნებისმიერი შეთანხმება“, პირველ რიგში, უკრაინამ უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი