იოჰან ვადეპული ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ევროკავშირის ნელი პროგრესი ბლოკის სანდოობასა და რეგიონში მის გავლენას საფრთხეს უქმნის.
„ევროკავშირის გაფართოების პროცესში გზაჯვარედინზე ვიმყოფებით“, – აღნიშნა ვადეპულმა.
ვადეპულის განცხადებით, ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2003 წელს, თესალონიკის სამიტზე განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია. 2014 წელს კი გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა „ბერლინის პროცესი“ წამოიწყო, რომლის მიზანიც გაფართოების პროცესის დაჩქარება იყო. თუმცა, ვადეპულის თქმით, ამ დრომდე მნიშვნელოვანი შედეგი არ დამდგარა.
„ჩვენ დაპირებები ვერ შევასრულეთ”, -განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უნდა დაანახოს, რომ 2003 წელს თესალონიკის სამიტზე გაცემული დაპირება რეალური იყო.
„ყველას მოვუწოდებ, ვაჩვენოთ მათ, რომ თესალონიკის დაპირება რეალური იყო, რომ ჩვენ სანდოები ვართ და ევროპა საიმედო პარტნიორია“, – განაცხადა ვადეპულმა.