იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის „დიდი ოცეულის” სამიტში მონაწილეობამ შესაძლოა, ომის დასრულების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს დაუდოს სათავე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის „დიდი ოცეულის” სამიტში მონაწილეობამ შესაძლოა, ომის დასრულების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს დაუდოს სათავე.
ვადეპულის თქმით, ეს მოწვევა გახდება „ლაკმუსის ქაღალდი” პუტინის მოლაპარაკებებისადმი მზადყოფნის შესამოწმებლად, ხოლო, მისივე შეფასებით, კონსტრუქციულ დიალოგს წინ უნდა უსწრებდეს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვა.
ამავე პრესკონფერენციაზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა, აღნიშნა, რომ გაუკვირდა დონალდ ტრამპის მიერ პუტინის მიწვევა , თუმცა აღნიშნა, რომ კანადა მაინც მიიღებს მონაწილეობას სამიტში, რადგან ეს არის „ნამდვილი დიპლომატია“.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მანამდე განაცხადა, რომ შესაძლოა დეკემბერში მაიამიში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტი გახდეს უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის პლატფორმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, კი იმედი გამოთქვა, რომ პუტინი სამიტს დაესწრება.