იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპი კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით უნდა შეცვალოს
იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპი კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით უნდა შეცვალოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ევროკავშირს გადაწყვეტილებების მიღების წესების შეცვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა ერთსულოვნების პრინციპის შეცვლა კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით.

იოჰან ვადეპულის წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპი უნდა შეიცვალოს კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემით.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს უფრო სწრაფად და ეფექტიანად, რადგან თანამედროვე მსოფლიო „უფრო სწრაფად მოძრაობს“ და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.

„ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო სწრაფები. ეს სამყარო უფრო სწრაფად მოძრაობს. თუ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ამას ვერ შევძლებთ, სხვები გააკეთებენ. შემდეგ კი სხვა ჯგუფები გამოჩნდებიან“, – განაცხადა ვადეპულმა.

მისივე თქმით, ერთსულოვნების პრინციპმა, შესაძლოა, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში „ეგზისტენციალური საფრთხე“ შექმნას, რადგან ერთი ქვეყნის ვეტოს შეუძლია მთლიანი ბლოკის გადაწყვეტილებების დაბლოკვა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ წინადადებას მხარი უკვე დაუჭირა ევროკავშირის 12-მა წევრმა სახელმწიფომ.

ამასთან, ვადეპულმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარებას და „ეტაპობრივი გაწევრიანების“ მოდელს, რომლის მიხედვითაც, ახალი წევრი ქვეყნები ეტაპობრივად მიუახლოვდებიან სრულ წევრობას. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის.