იოავ გალანტი - ისრაელის ჯარი ტოვებს ღაზას შემდგომი მისიებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის რაფაჰში
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის არმიის ზოგიერთმა დანაყოფმა დატოვა ღაზის ტერიტორია, რათა მოემზადონ შემდგომი მისიებისთვის, მათ შორის რაფაჰში.
„ისრაელის ჯარი ტოვებს ღაზას შემდგომი მისიებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის რაფაჰში. ჩვენ ვუახლოვდებით იმ სიტუაციას, როდესაც „ჰამასი“ აღარ აკონტროლებს ღაზის სექტორს და ვეღარ ფუნქციონირებს, როგორც სამხედრო სტრუქტურა, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს“, – განაცხადა გალანტმა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის განცხადებით, ისრაელის სამხედროებს შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ირანის მხრიდან წამოსულ ნებისმიერ საფრთხეს.
„შეიარაღებულმა ძალებმა იციან, როგორ გაუმკლავდნენ ირანს – შეტევითა და თავდაცვით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, გვაქვს კარგი თავდაცვითი სისტემები და ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ ძლიერად ირანის წინააღმდეგ როგორც ახლო, ისე შორეულ მანძილებზე“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ.
ჰალევიმ დასძინა, რომ ისრაელი მუშაობს შეერთებულ შტატებთან და რეგიონში სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობს.