ინტერვიუ | არასოდეს მიფიქრია, რომ საქართველოს ნაკრებში 100 მატჩს ვითამაშებდი - კანკავამ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა #1TVSPORT
ჯაბა კანკავამ ლევან კობიაშვილის რეკორდი გაიმეორა და მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 100 შეხვედრა ჩაატარა. „ჯვაროსნების“ 35 წლის კაპიტანმა სანაკრებო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გაიხსენა.
„არასოდეს მიფიქრია, რომ ეროვნულ ნაკრებში ამდენ მატჩს ვითამაშებდი. დაახლოებით, 70-80 თამაში რომ დამიგროვდა, უკვე ვიგრძენი, შეიძლებოდა 100-მდე მიმეღწია. თუმცა, არ მიფიქრია, 100 მატჩს ჩავატარებ და წავალ-მეთქი. რეკორდები ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, ეს თავისთავად მოხდა და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.
ეროვნულ ნაკრებში იმდენად მინდოდა თამაში და ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი. პროფესიული კარიერის დაწყებიდან დაახლოებით წელიწადნახევარში ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს. ეს ჩემთვის მოულოდნელიც იყო და დიდი მოტივაციაც – ვცდილობდი, ადგილი შემენარჩუნებინა.
2004 წელს „დინამოს“ წარმატებული სეზონი ჰქონდა – უეფა-ს თასის ჯგუფშიც მოვხდით და ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა, ნაკრებშიც გამოვეძახე. პირველ ოფიციალურ მატჩში თურქეთთან სტუმრად შეცვლაზე შევედი, რამდენიმე დღის მერე კი ალბანეთთან შინ ვითამაშეთ და ჩემი დებიუტი იქ შედგა. იმ შეხვედრაში ბევრი კარგი რამ დაემთხვა – სახლში მოგება და მაყურებლით სავსე სტადიონი. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
დღემდე მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, როცა ალენ ჟირესმა მითხრა, „გახურდიო“. შეცვლაზე შევედი და ორ წუთში ყვითელი ბარათი მივიღე – მას მერე ყვითლები დამებედა. ვნერვიულობდი, მაგრამ ემოცია მალე დავძლიე. ალბათ, ეს გრძნობა ყველა დებიუტანტს აქვს, მაგრამ მერე ეჩვევი.
ყოფილა შემთხვევები, ყვითლების ან ტრავმის გამო გუნდს ვერ დავხმარებივარ. ასეთ დროს თითქოს, იმუხტები, ორმაგად გინდება ენერგია შემდეგ შეხვედრაზე შენი ქვეყნისთვის დახარჯო.
გამორჩეული თამაშები? ხორვატიასთან და ბელარუსთან მოგებები, რადგან ამ ორი მატჩის შემდეგ ჩვენ რეალური შანსი გვქონდა, რომ რაღაც შედეგისთვის მიგვეღწია.
ოჯახი ყველასთვის პირველ ადგილზეა. დედაჩემთან ურთიერთობას გამოვყოფდი – ტრავმისას თუ სხვა დროს დედაჩემი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.
ერთი მიზანი მქონდა – ბევრი მევარჯიშა და დამემტკიცებინა ყოველი თამაშის წინ, რომ ნაკრების თერთმეტეულში თამაშის ღირსი ვიყავი. ამისთვის საჭირო იყო შრომა.
მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო წლების განმავლობაში გვერდში დგომისთვის. ყოველთვის ვგრძნობდი ქომაგების სიყვარულს. იყვნენ კრიტიკულად განწყობილებიც, მაგრამ უმეტესობისგან გვერდში დგომას ვგრძნობდი და სანამ ვითამაშებ, ვეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო“.