17 წელი და 100 მატჩი ნაკრებში - ჯაბა კანკავა რეკორდსმენია [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფინიშს უახლოვდება. ვილი სანიოლის გუნდმა 9 ოქტომბერს ბათუმის ახალ არენაზე საბერძნეთს უმასპინძლა.​ ეს შეხვედრა ჯაბა კანკავასთვის საიუბილეო იყო. კაპიტანმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა და მეორე მოთამაშეა ლევან კობიაშვილის შემდეგ, ვინც ეს ზღვარი გადალახა.

ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში პირველად 2004 წლის 8 სექტემბერს ითამაშა. „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „მიხეილ მესხზე“ ალბანეთს უმასპინძლეს – ალექსანდრე იაშვილისა (მე-15 წუთზე) და გიორგი დემეტრაძის (90+1) გოლებით 2:0 დაამარცხეს. ჯაბა მოედანზე 68-ე წუთზე მალხაზ ასათიანის ნაცვლად შევიდა.

ინტერნეტ-სივრცეში განსხვავებული ცნობებია კანკავას მატჩების რაოდენობასთან დაკავშირებით. ქართულ „ვიკიპედიაზე“ საბერძნეთთან თამაშამდე 94 მატჩი ეწერა, ინგლისურზე – 96, რუსულზე – 99. ამას გარდა, საერთაშორისო ცნობარი „სოკერვეი“ 98 მატჩს ასახელებდა.

ბუნებრივია, ასეთ დროს ყველაზე სანდო მაინც ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდია, სადაც ყველა მატჩია აღრიცხული და საბერძნეთთან დაპირისპირების ჩათვლით 100 თამაშია დათვლილი. კანკავამ 100-დან ძირითად შემადგენლობაში 96 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 35-ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო.

საინტერესო დამთხვევაა – 100-იანთა კლუბის დღემდე ერთადერთმა წევრმა ლევან კობიაშვილმა ნაკრების მაისური მეასედ საბერძნეთის ნაკრებთან მოირგო.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა ნაკრებში გატარებული წლების მიხედვით რეკორდსმენია – 17 წელია ეროვნული გუნდის ღირსებას იცავს. მსგავსი მაჩვენებელი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ აქვს.