ინტერპოლმა ვლადიმირ პლახოტნიუკი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოაცხადა
ინტერპოლმა მოლდოველი ოლიგარქი, „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი ვლადიმირ პლახოტნიუკი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ 15 თებერვალს სოციალურ ქსელებში მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ვერონიკა დრაგალინამ განაცხადა.
დრაგალინამ გამოაქვეყნა ბმული ინტერპოლის ვებგვერდზე, რომელიც იუწყება, რომ ვლადიმირ პლახოტნიუკი საერთაშორისო ძებნაშია კრიმინალური ორგანიზაციის შექმნის, თაღლითობის, ფულის გათეთრების, ასევე ძალაუფლებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
„რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პოლიციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ წითელი ცირკულარი არის საერთაშორისო შეტყობინება პირის ძებნისა და დაკავების შესახებ, მისი შემდგომი ექსტრადიციის მიზნით.
ცნობისთვის, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. პოლიტიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამჟამად ის ჩრდილოეთ კვიპროსში იმყოფება.
მოლდოვაში პლოხოტნიუკზე სისხლის სამართლის სამი საქმის ფარგლებში დაკავების ორდერია გაცემული. 2023 წლის ივლისში პროკურატურამ სასამართლოს გადასცა საქმე, რომლის მიხედვითაც, პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდოვური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა.