ინტერპოლის ყოფილ ხელმძღვანელს ჩინეთის სასამართლომ 13.5 წლით პატიმრობა შეუფარდა
ინტერპოლის ყოფილ ხელმძღვანელს ჩინეთის სასამართლომ 13.5 წლით პატიმრობა შეუფარდა

ინტერპოლის ყოფილ ხელმძღვანელ მენ ჰუნვეის, ჩინეთის სასამართლომ ქრთამის აღების გამო 13.5 წლით პატიმრობა შეუფარდა.

მენ ჰუნვეი ინტერპოლში მუშაობის პარალელურად ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. სასამართლო სხდომაზე მან ქრთამის სახით ორი მილიონამდე დოლარის მიღება აღიარა. პატიმრობის გარდა, სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ ხელმძღვანელს ორი მილიონი იუანის ჯარიმის სახით გადახდა დააკისრა.

მენ ჰუნვეი ოჯახთან ერთად საფრანგეთში, ლიონში ცხოვრობდა, სადაც ინტერპოლის შტაბბინა მდებარეობს. მენ ჰუნვეი 2018 წლის სექტემბერში დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო, რის გამოც საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. მენ ჰუნვეი ჩინეთში 29 სექტემბერს გაემგზავრა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჰუნვეი ჩინელმა სამართალდამცველებმა აიყვანეს.

დატოვე კომენტარი