ინტერპოლი საქართველოს მოთხოვნით 27 პირს ეძებს
ინტერპოლი საქართველოს მოთხოვნით 27 პირს ეძებს

ინტერპოლს საერთაშორისო ძებნა საქართველოს მთავრობის მოთხოვნით 27 პირზე აქვს გამოცხადებული. წითელი ცირკულარით ძებნილებს შორის ისევ რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური 79 წლის ასლან აბაშიძე. აბაშიძე უკვე 15 წელზე მეტია ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს.

ამ დრომდე ინტერპოლის ძებნილთა სიაშია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის (ბაჩო ახალაიას) ყოფილი მოადგილე დავით ჭაკუა, რომელიც პატიმრების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული. ის ფიგურირებს ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებულ საქმეში. როგორც ცნობილია, ჭაკუა რამდენიმე წლის წინ ავსტრიაში დააკავეს, თუმცა მალევე გირაოთი გაათავისუფლეს. მისი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ ჭაკუას ექსტრადირებაზე ავსტრიამ საქართველოს მთავრობას უარი უთხრა. ადვოკატის ინფორმაციით, ჭაკუამ ავსტრიაში დროებითი თავშესაფარი მიიღო, ლტოლვილის სტატუსის მისაღებად კი განმეორებით მიმართვაზე პასუხს ელოდებოდა. ყოფილი ჩინოვნიკის წინააღმდეგ საქართველოში სასამართლო პროცესი ე.წ. ციხის კადრების საქმეზე ამ დრომდე გრძელდება.

ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ დრომდე განთავსებულია მეგის ქარდავას ფოტოსურათიც, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე რამდენიმე თვეა დაკავებულია. ქარდავა გასული წლის ნოემბერში უკრაინაში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, შესაბამისად უკრაინის მთავრობას საქართველოს ხელისუფლებისთვის ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი ჯერ არ გადმოუცია. როგორც ცნობილია, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მიმართ სასამართლოს საქართველოში არაერთ საქმეზე აქვს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის არის ე.წ. ციხის ბუნტის საქმე (3 წელი და 9 თვე), ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, (7 წელი და 6 თვე), ე.წ. კასრების საქმე (9 წელი) და სერგო თეთრაძის წამება (9 წელი).

წითელი ცირკულარით ძებნილ 27 პირს შორის არის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული, რუსეთის მოქალაქე რაშიდ კანჯი-ოღლიც, რომლის წინააღმდეგ აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. 30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურჩაში მოკლეს. არსებობს მკვლელობის ამსახველი ვიდეო კადრებიც, თუ როგორ დაედევნა რაშიდ კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იარაღით. ოთხოზორიას შეიარაღებულმა „მესაზღვრემ“ რამდენჯერმე ესროლა, ბოლოს კი სასიკვდილო ჭრილობა საკონტროლო გასროლით მიაყენა. მკვლელობიდან ერთ წელში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე უარს ამბობს მსჯავრებულის საქართველოსთვის გადმოცემაზე.

საქართველოს მოთხოვნით საერთაშორისო ძებნა ინტერპოლს სხვა ქვეყნის კიდევ ერთ მოქალაქეზე აქვს გამოცხადებული. ეს შემთხვევა 2013 წლის 23 ივლისს, ბათუმში, 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობას ეხება. მარიამ კოჩალიძე ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ყელგამოჭრილი იპოვეს. შინაგან საქემთა სამინისტრომ მკვლელობის გამოძიებისას დაადგინა, რომ სავარაუდო მკვლელი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანი იყო. მასზე წითელი ცირკულარით საერთაოშირო ძებნა გამოცხადდა. მალევე ირანულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მოჰამადამინ როოინთანი ირანში დააკავეს 8 წლის ბავშვის მკვლელობისთვის.

ძებნილთა სიაში ასაკით ყველაზე პატარა 30 წლის კაკო ტუღუშია, რომელსაც ბრალად ედება კანონიერი ქურდობა, ყაჩაღობა და გამოძალვა.

წითელი ცირკულარით ძებნილ 27 პირს შორის ორი ქალია: თაღლითობაში ბრალდებული 42 წლის ირმა ქაფიანიძე და ადამიანთა და ძვირფასეულობის ტრეფიკინგში, ასევე საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული 54 წლის ლილა უსეინი. ორივე ქალბატონი საქართველოს მოქალაქეა.