ინტერნეტპროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ
ინტერნეტპროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან – სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა, მემორანდუმის საფუძველზე, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ.

„მობილური ინტერნეტპაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტპროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით, 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტთა რეკომენდაციით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტრესურსების მოსაძიებლად“, – განაცხადა დგებუაძემ.