„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი ალექსის სანჩესი მილანის „ინტერის“ სრულფასოვანი წევრი გახდება, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ცნობილმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ.
როგორც ირკვევა, სანჩესი გაწყვეტს კონტრაქტს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „ინტერში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მილანურმა კლუბმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები: 31 წლის ჩილელი სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წელიწადში შვიდ მილიონ ევროს მიიღებს.
იტყობინებოდნენ, რომ „მანჩესტერი“ ამ ტრანსფერისთვის 15-20 მილიონ ევროს მიიღებდა, მაგრამ დი მარციომ ეს ინფორმაცია უარყო.
2019-20 წლების სეზონი სანჩესმა „ინტერში“ იჯარის წესით გაატარა, მონაწილეობა მიიღო 29 ოფიციალურ მატჩში, ოთხი გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა.