„ინტერის” ლეგენდა თბილისშია
„ინტერის” ლეგენდა თბილისშია

თბილისს სერბეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი დეიან სტანკოვიჩი ესტუმრა. ”ლაციოსა” და ”ინტერის” ყოფილი ლიდერი დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან ერთად იმყოფებოდა და ეროვნული საფეხბურთო ლიგის შეხვედრას (”საბურთალო”-”სამტერდიას”) დაესწრო.

სტანკოვიჩი ნაკრებში ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენია (103 მატჩი, 15 გოლი). მან სამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და საინტერესოა, რომ სამივე ჯერზე სხვადასხვა ნაკრების ღირსებას იცავდა: იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის (1998), სერბეთის და ჩერნოგორიის (2006) და სერბეთის (2010). ამ მაჩვენებლით იგი ერთადერთია, ვინც მუნდიალზე სამ სხვადასხვა ნაკრებში ითამაშა.

საქმე ისაა, რომ სტანკოვიჩი უეფას ელჩია და თბილისში უეფას ეგიდით გამართულ ტურნირს დაესწრება. საქართველოს დედაქალაქი 16-წლამდელთა ნაკრებებს შორის უეფას განვითარების თასის ორ ტურნირს უმასპინძლებს: 2-6 მაისს ოთხთა ტურნირი ვაჟებს შორის ჩატარდება, ხოლო 9-13 მაისს ერთმანეთს გოგონათა ნაკრებები გაეჯიბრებიან.

საქართველოს გარდა, ტურნირში რუმინეთის, ყაზახეთისა და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. თამაშები ”დავით პეტრიაშვილი არენაზე” ”მიხეილ მესხი 2”-ზე გაიმართება.

ხვალინდელი თამაშების განრიგია ასეთია:

2 მაისი, დავით პეტრიაშვილი არენა, 14:00
რუმინეთი – ბელარუსი

2 მაისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი, 17:00
საქართველო – ყაზახეთი