„ინტერის აკადემია საქართველო“ - ეს ბანერი „სან სიროზე“ გამოჩნდა #1TVSPORT
იტალიის სერია „ა“-ს მატჩის დროს მილანის „სან სიროს“ სტადიონის სარეკლამო დაფაზე გამოჩნდა ბანერი – „ინტერის აკადემია საქართველო“. ამით იტალიური გრანდი საქართველოში საფეხბურთო აკადემიის გახსნას მიესალმა.
„ინტერს“ მთელს მსოფლიოში საფეხბურთო აკადემიების ქსელი გააჩნია, საქართველოში კი მე-20 ფილიალი დაფუძნდა, რომლის გახსნაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი თანამშრომლის, ანა წერეთელის დამსახურებაა – „ინტერი-საქართველოს“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას სწორედ ის ხელმძღვანელობს.
აკადემიის ამოქმედება ქუთაისის „ტორპედოს“ მეპატრონის, „ნიუ ვიჟენის“ უნივერსიტეტის პარტნიორობით გახდა შესაძლებელი. „ინტერი-საქართველოს“ აკადემიის დირექტორი ვეტერანი ფეხბურთელის, ზურაბ წერეთლის შვილია. პროფესიით იურისტმა საქმიანობა ფეხბურთს დაუკავშირა და 9 წლის განმავლობაში სფფ-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
ანა წერეთლის მონაწილეობით, 2019 წელს ბათუმში „მილანის“ კემპი გაიმართა. წელს კი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“, ქუთაისის „ტორპედოს“ შესყიდვის შემდეგ, სპორტული კლუბის და საფეხბურთო სკოლის ახალ პრეზიდენტად დანიშნა, პლუს „ტორპედოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
საქართველოს უკვე ესტუმრა იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი მასიმილიანო ფერარი, რომელიც კონსულტაციას გაუწევს ქუთაისურ კლუბს, „ნიუ ვიჟენის“ ახალგაზრდულ გუნდებს და „ინტერი-საქართველოს“ აკადემიას.