„ინტერ მაიამიმ“ ვადაზე ადრე მოიგო MLS-ის რეგულარული ჩემპიონატი - მესიმ დუბლი შეასრულა და კარიერაში 46-ე ტიტული მიიღო [ვიდეო] #1TVSPORT
MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღე შედგა, რომლის ერთ-ერთ მატჩში ლიგის მოქმედი ჩემპიონი „კოლამბუს ქრიუ“ საკუთარ მოედანზე იღებდა ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“.
სტუმრებმა შეხვედრა 3:2 მოიგეს. „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ, კიდევ ერთი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.
„კოლამბუსი“ 63-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა, მაგრამ ჰქონდა მატჩის გადარჩენის საშუალება: 2:3-ზე კუჩომ 84-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
ამ მოგებამ საშუალება მისცა „ინტერ მაიამის“ ვადაზე ადრე გაეფორმებინა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული, რომელსაც „გულშემატკივრების ფარი“ (Supporters’ Shield) ჰქვია. ლიონელ მესისთვის ეს გახდა 46-ე ტიტული კარიერაში.
„ინტერ მაიამიმ“ პრიზი მატჩის დასრულებისთანავე მიიღო და კლუბის თანამფლობელმა ხორხე მასმა ის გასახდელში საზეიმოდ გადასცა მესის.