„ინსაიდერი“ - რუსული სპეცსამსახურები მოლდოვის ხელისუფლების შესახებ ინფორმაციას საელჩოს სახურავზე განთავსებული ანტენებით იღებენ
„ინსაიდერი“ - რუსული სპეცსამსახურები მოლდოვის ხელისუფლების შესახებ ინფორმაციას საელჩოს სახურავზე განთავსებული ანტენებით იღებენ

რუსული სპეცსამსახურები მოლდოვის ხელისუფლებაზე ინფორმაციას საელჩოს სახურავზე განთავსებული ანტენებით იღებენ, – ამის შესახებ „ინსაიდერი“ იტყობინება.

გამომძიებლების თქმით, კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სახურავზე სატელიტური თეფშებისა და გადამცემი მოწყობილობების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ასევე, დიპლომატიური წარმომადგენლობის სახურავზე და მეზობელ შენობებზე დროდადრო იდუმალი ადამიანები ჩნდებიან.

ჟურნალისტების თქმით, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის საიდუმლო მეკავშირე ოფიცრები, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ჰაკერულ ჯგუფებთან, რომლებმაც გატეხეს ანგელა მერკელის, ემანუელ მაკრონისა და ჰილარი კლინტონის ფოსტები.

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები საელჩოს სახურავზე ყველაზე ხშირად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის წინ ადიოდნენ. კერძოდ, სახურავზე შენიშნეს პაველ იაკუნინი, მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს ოფიცერი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია საიდუმლო საკომუნიკაციო არხებზე რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამართველოს შტაბბინასთან მოსკოვში. საერთო ჯამში, ჟურნალისტებმა დათვალეს 28 ანტენა და თეფში რუსეთის საელჩოს სახურავზე, ზოგიერთი მათგანი საშუალებას იძლევა, დაინსტალირდეს სატელიტური კომუნიკაციები, მიკროტალღური სარელეო ხაზი ან გაძლიერდეს უკაბელო ინტერნეტის როუტერის სიგნალი.

ისინი იღებენ სატელიტურ სატელეფონო სიგნალებს, რაც საშუალებას იძლევა, მოუსმინონ სატელეფონო და ადგილობრივი პოლიციის რაციის საუბრებს. გარდა ამისა, მზვერავების ცოლები გამოიყენება კურიერებად ძალიან „მძიმე“ ფაილების გადასატანად.

ადგილობრივი სასაზღვრო პოლიციის წყაროები ამბობენ, რომ მზვერავების ცოლები ხშირად მიფრინავენ მოსკოვში და უკან ბრუნდებიან და მათი ჩანთები ყოველთვის სავსეა ფლეშდრაივებითა და მყარი დისკებით.