ინგუშეთში აქციის მონაწილეებმა ქალაქ ნაზრანში შესასვლელი ფედერალური ავტომაგისტრალი დაბლოკეს
ინგუშეთში აქციის მონაწილეებმა ქალაქ ნაზრანში შესასვლელი ფედერალური ავტომაგისტრალი დაბლოკეს

ინგუშეთში აქციის მონაწილეებმა ქალაქ ნაზრანში შესასვლელი ფედერალური ავტომაგისტრალი დაბლოკეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „იაბლოკოს“ ადგილობრივი განყოფილების ლიდერი რუსლან მუცოლგოვი ავრცელებს.

მისი შეფასებით, ადგილზე იმყოფება ათასობით ადამიანი.

როგორც რუსული მედია წერს, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმებიც. მიტინგის მონაწილეები ინგუშეთის რესპუბლიკის ლიდერის გადადგომას ითხოვენ. მედიის ცნობით, სამართლდამცველებისა და აქციის მონაწილეების შეტაკებები ჯერ არ მომხდარა.

შეგახსენებთ, ინგუშეთში საპროტესტო აქცია 26 მარტს დაიწყო. დემონსტრანტები რეფერენდუმის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ეწინააღმდეგებიან. ისინი ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერების მიერ შარშან გაფორმებულ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომლითაც ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვარი იცვლება. დღეს დილით აქციის დაშლას სამართალდამცველები შეეცადნენ, თუმცა ისინი მომიტინგეებმა მოიგერიეს. შემდეგ აქტივისტების ნაწილი მიტინგის დასრულებას დათანხმდა, ნაწილი კი ქალაქ ნაზრანში ჩავიდა.