ინგუშეთში აქციების ორგანიზატორი - ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ინგუშეთის მეთაურის, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომა და უკან არ დავიხევთ
ინგუშეთში აქციების ორგანიზატორი - ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ინგუშეთის მეთაურის, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომა და უკან არ დავიხევთ

ჩვენი მთავარი მოთხოვნა ინგუშეთის მეთაურ იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომაა და ამ მოთხოვნის შესრულებამდე უკან არ დავიხევთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინგუშმა უფლებადამცველმა, ორგანიზაცია „მარშის“ დამფუძნებელმა და აქციების ორგანიზატორმა მაგომედ მუცოლგოვმა განუცხადა.

„ჩვენ უკვე ნახევარი წელია, ვითხოვთ ერთსა და იმავეს. პირველი, ეს არის ინგუშეთ-ჩეჩნეთის საზღვრის შესახებ შეთანხმების გაუქმება. ევკუროვის უპირობო გადადგომა და რეპრესირებულ ხალხთა რეაბილიტაციის შესახებ კანონის რეალიზაცია. ასევე კიდევ რამდენიმე მოთხოვნაც გვაქვს, მაგრამ ამის შესრულება ევკუროვის გადადგომის შემთხვევაში იოლი იქნება. ეს არის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შემოღება, მუნიციპალიტეტებში არჩევნების შერეულ სისტემაზე გადასვლა“, – განაცხადა მუცოლგოვმა.

მისივე თქმით, მათ უკვე შეიტანეს განაცხადი და აქციების განახლებას ხუთ დღეში აპირებენ.

„ევკუროვი უნდა წავიდეს. მან გუშინ სისხლისღვრა დაუშვა. ყველანაირად ეწინააღმდეგება ინგუშ ხალხს. სასამართლოშიც კი უჩივლა მათ. ევკუროვს ხალხის ლიდერად აღარავინ თვლის. ძალიან შეუცხმყოფელია, როდესაც რესპუბლიკის მეთაური ხალხს ეუბნება, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული. ამას არავინ აპატიებს“, – აცხადებს ინგუშეთში მიმდინარე აქციების ორგანიზატორი.

როგორც მუცოლგოვი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამბობს, აქციები ინგუშეთში ჩეჩნეთთან ურთიერთობაზე არ აისახება.

„ინგუშ ხალხს არანაირი პრეტენზია არ აქვს ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და არც რამზან კადიროვის მიმართ. ჩვენ ძმები ვართ. უნდა მივხედოთ ჩვენს მეთაურს, რომელმაც ჩათვალა, რომ ხალხის გარეშე უნდა გადაწყვიტოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხები“, – აცხადებს მუცოლგოვი.

შეგახსენებთ, ინგუშეთში საპროტესტო აქციები 26 მარტს განახლდა. დემონსტრანტები რესპუბლიკის მეთაურის გადადგომას ითხოვდნენ. მათ უკამყოფილებას შარშან ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერების მიერ საზღვრის შეცვლის საკითხზე ხელმოწერილი შეთანხმება იწვევს. 27 მარტს, მაგასის მთავარ მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.

ინგუშეთში მიმდინარე მოვლენებზე უფლებადამცველ მაგომედ მუცოლგოვთან ინტერვიუს სრულ ვერსიას კვირას, 31 მარტს, საქართველოს რადიოს ეთერში, გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“ მოისმენთ.