ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს
ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

საინფორმაციო სააგენტო Bakdar-ის ინფორმაციით, ინგუშეთის დელეგაციამ ქალაქ პიატიგორსკში, რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელთან, ალექსანდრ მატოვნიკოვთან გამართული შეხვედრა დატოვა და იუნუსბეკ ევკუროვის პრესსამსახურის მიერ დაანონსებულ შეხვედრას არ დათანხმდა.

შეხვედრის მონაწილე მალსაგ უჟახოვის განცხადებით, ფედერალურმა მაღალჩინოსნებმა აქციის მონაწილეებს შესთავაზეს, რომ ჩეჩნეთთან დადებული სასაზღვრო შეთანხმება სასამართლოში გაასაჩივრონ. უჟახოვის თქმით, ორ საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, კრემლის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ უკვე არაფრის შეცვლა შეიძლება, რადგან ორ რესპუბლიკას შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეთანხმება ძალაში შევიდა.

აქტივისტი ამტკიცებს, რომ ფედერალურმა ცენტრმა დრო სპეციალურად გაწელა, რომ შეთანხმება ოფიციალურად ამოქმედებულიყო. ინგუშეთში მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი. რამზან კადიროვის თქმით, ინგუშებისა და ჩეჩნების დაპირისპირების მცდელობა „მიუღებელი და უსარგებლოა“.